ტრამპის შვილი და სიძე სენატის საგამოძიებო კომიტეტში დაიბარეს
მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილი, სიძე და ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სენატის დაზვერვის კომიტეტში მოსმენაზე დაიბარეს. BBC-ს ცნობით, ისინი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ხელისუფლების სავარაუდო ჩარევის საკითხზე მისცემენ ჩვენებას.
პრეზიდენტის სიძის, ჯარედ კუშნერის მოსმენა 24 ივლისს გაიმართება, ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს და უმცროს დონალდ ტრამპს კი 26 ივლისს მოუსმენენ.
10 ივლისს დადასტურდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის შვილი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მზად იყო შეხვედროდა რუს იურისტს, რომელიც დემოკრატ კანდიდატზე, ჰილარი კლინტონზე კომპრომატების გადაცემას დაჰპირდა.
ტელეკომპანია Fox News-სთან ინტერვიუში უმცროსმა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა არაფერს ნიშნავდა და ამის შესახებ უფროსმა ტრამპმა არაფერი იცოდა.





