ნაფიცმა მსაჯულებმა ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავეებად ცნეს
მსოფლიო

ბორის ნემცოვი
მოსკოვის სამხედრო სასამართლოზე, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ბორის ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ოფიცერი ზაურ დადაევი და მასთან ერთად კიდევ 4 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას Медуза ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა დადებითად უპასუხეს შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, დაამტკიცა თუ არა პროკურატურამ ის ფაქტი, რომ დადაევმა თანამზრახველებთან ერთად ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული.
გამოძიებას მიაჩნია, რომ ჩეჩნური სამხედრო ბატალიონის Север-ის ყოფილი ოფიცერი ზაურ დადაევი მკვლელობის უშუალო შემსრულებელია, თუმცა მას ჰყავდა თანამზრახველებიც ანზორ და შადიდ გუბაშევები, თამერლან ესკერხანოვი და ხამზატ ბახაევი.
ბრალდებულებმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადეს, რომ თავს დამნაშავედ არ თვლიან. რაც შეეხება ბრალდებულების პირველ ჩვენებას, რომელშიც ისინი მკვლელობას აღიარებენ, აცხადებენ, რომ ეს ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს.
2015 წლის 27 თებერვალს ბორის ნემცოვი კრემლის მახლობლად, სეირნობის დროს მოკლეს. მისმა მკვლელობამ რუსეთის ოპოზიციური წრეებში აღშფოთება გამოიწვია. დღევანდელ აქციაზე, ოპოზიციამ წინა წელთან შედარებით, გაცილებით მეტი მხარდამჭერის მობილიზება შეძლო. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების ცნობით, მსვლელობაში 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
რუსეთის პრემიერ მინისტრის ყოფილი მოადგილე ბორის ნემცოვი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ის ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.





