პოლონეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი 1000 ჯარისკაცით გაიზრდება
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock.com
პოლონეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი 1000 ჯარისკაცით გაიზრდება. ამის შესახებ პოლონურ მედიასთან საუბარში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
„მოხარულები ვართ, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა პოლონეთში აშშ-ის ჯარის მე-5 კორპუსის მეთაურობის მთავარი შტაბ-ბინის განთავსება გადაწყვიტეს. ეს შტაბ-ბინა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მეთაურობის უმნიშვნელოვანეს პუნქტად იქცევა“, - განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.
მისივე თქმით, ამერიკული კონტინგენტის გაზრდა არ უკავშირდება გერმანიიდან ამერიკელი სამხედროებსი გაყვანას.
„გერმანიიდან გასული ამერიკული სამხედროები ევროპის სხვა ქვეყნებში იქნებიან დისლოცირებულები. პოლონეთში ამერიკული წარმომადგენლობის გაძლიერება მრავალი წლის მანძილზე ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და მიზნად პოლონეთის უსაფრთხოების გაზრდას ისახავს“, - აღნიშნა მინისტრმა.
აშშ-პოლონეთის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ვარშავაში ხელს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მოაწერენ.





