ლინას ლინკევიჩუსი: სვეტლანა ტიხანოვსკაიას საფრთხე არ ემუქრება, ის ლიეტუვაშია
მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია
ფოტო: Getty Images/AFP
ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში იმყოფება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა Twitter-ზე დაწერა.
„სვეტლანა ტიხანოვსკაიას საფრთხე არ ემუქრება, ის ლიეტუვაში იმყოფება“, - წერს ლინკევიჩუსი. მანამდე ბელარუსული და უცხოური მედია წერდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ტიხანოვსკაიას ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.
ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.





