მაჰინდა რაჯაპაკსა შრი-ლანკის პრემიერი მეოთხედ გახდა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
მაჰინდა რაჯაპაკსამ შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეოთხედ დაიკავა, - ამის შესახებ Aljazeera წერს.
მან ფიცი უმცროსი ძმის, პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაკსას წინაშე, დედაქალაქ კოლომბოში მდებარე ბუდისტურ ტაძარში დადო.
რაჯაპაკსამ 2004 წელს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, სახალხო ალიანსის გამარჯვების შემდეგ, პირველად დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. 2005 წელს, მას შემდეგ, რაც შრი-ლანკის უზენაესმა სასამართლომ მოქმედი პრეზიდენტის ჩანდრიკა კუმარატუნგას საპრეზიდენტო ვადა დასრულებულად გამოაცხადა, რაჯაპაკსამ პრეზიდენტის თანამდებობა ჩაიბარა და ქვეყანას 10 წლის განმავლობაში მართავდა.
2018 წლის ოქტომბრიდან კვლავ პრემიერ-მინისტრის სავარძელს იკავებდა, თუმცა, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ამავე წლის დეკემბერში გადადგა. 2019 წლის 21 ნოემბრიდან ის კვლავ პრემიერი გახდა.





