5 წლის წინ გაუჩინარებული ლიეტუველი კაცი ბრიტანეთის ერთ-ერთ ტყეში იპოვეს
მსოფლიო

რიკარდას პუისისი
ფოტო: კემბრიჯშირის პოლიცია
ლიეტუველი კაცი გაუჩინარებიდან 5 წლის შემდეგ ბრიტანეთის ერთ-ერთ ტყეში აღმოაჩინეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რიკარდას პუისისი, რომელსაც ახლა პოლიცია იცავს, კემბრიჯის მახლობლად, ქალაქ უისვეჩთან იპოვეს. სამართალდამცველების ცნობით, გაუჩინარებამდე პუისისი ერთ-ერთ ფერმაზე მუშა იყო, ბოლოს ის 2015 წლის სექტემბერში, კემბრიჯშირის საგრაფოში თანამემამულეების გარემოცვაში ნახეს. ივნისში კი პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ის ცოცხალია და ტყეში იმალება.
სამართალდამცველებმა მის სამალავს მიაგნეს. გაირკვა, რომ მას დიდი ხანია არავისთან ულაპარაკია. პოლიციის ვარაუდით, კაცს, რომელიც გაუჩინარების დროს 35 წლის იყო, მუშაობას აიძულებდნენ და ხელფასს არ უხდიდნენ, ამიტომ ის ფერმიდან გაიქცა.





