პოლონეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მათმა ჯარისკაცებმა შემთხვევით ჩეხეთთან საზღვარი დაარღვიეს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
ოფიციალური ვარშავა აღიარებს, რომ პოლონელმა ჯარისკაცებმა, შემთხვევით, მეზობელი ქვეყნის, ჩეხეთის საზღვარი დაარღვიეს, - ინფორმაციას BBC პოლონეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც პოლონეთმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საზღვრები ჩაკეტა, მათი სამხედროები პოზიციაზე არასწორად განლაგდნენ, პატრულირების ზონაში ჩეხეთის ტერიტორიაზე მდებარე სამლოცველოც მოაქციეს და იქ რამდენიმე დღე დარჩნენ.
შემთხვევა მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც სამხედროებმა ჩეხ ვიზიტორებს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებაში ხელი შეუშალეს.
ინციდენტი ჩრდილო-აღმოსავლეთ მორავიაში მოხდა. ეს ტერიტორია კი, სილეზიის ისტორიული მხარის, ანუ ჩეხეთის საზღვრებშია მოქცეული.
პოლონეთის მთავრობა განმარტავს, რომ ეს გაუგებრობა იყო. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური ახსნა-განმარტება ჯერ არ მიუღიათ.





