სასამართლომ ირანის მოქალაქეს გენერალ ყასემ სულეიმანის შესახებ CIA-სთვის ინფორმაციის გადაცემის გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა
მსოფლიო

ყასემ სულეიმანი
ფოტო: Twitter
ირანში სასამართლომ პირს, რომელსაც ბრალად აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის (CIA) გენერალ ყასემ სულეიმანის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა ედებოდა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ ირანის უზენაესი სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გოლიამ ჰოსეინ ისმაილიმ განაცხადა.
„მაჰმუდ მუსავი მაჯდი აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან და ისრაელის „მოსადთან“ იყო დაკავშირებული. მან ფულადი ანაზღაურება მიიღო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე ინფორმაციის გადაცემისთვის. მან მტრებს სულეიმანის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცა“, - განაცხადა ირანის უზენაესი სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, მაჰმუდ მუსავი მაჯდის სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, რომელიც მალე სისრულეში იქნება მოყვანილი.
3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.





