რით დაამახსოვრდებათ პრეზიდენტი ობამა
მსოფლიო

ბარაკ ობამა
დანიური მემარჯვენე-კონსერვატიული გამოცემა Jyllands-Posten [1] ამერიკის 44-ე პრეზიდენტის მთავარ მიღწევებზე და შეცდომებზე წერს.
ბარაკ ობამა ისტორიაში შევა, როგორც პირველი აფროამერიკელი, რომელმაც ასეთი მაღალი თანამდებობა დაიკავა, რითაც დაამტკიცა რომ კანის ფერი შეერთებული შტატების პრეზიდენტად გახდომას ხელს არ უშლის.
ობამა აშშ-ის პრეზიდენტად გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაწყებიდან ორ თვეში აირჩიეს, რამაც, ეკონომიკური თვალსაზრისით, მისთვის ყველაზე წამგებიანი სტარტი უზრუნველყო. მაგრამ ამ პრობლემას ის ევროპელებზე ბევრად უფრო კონსტრუქციულად შეხვდა. მაშინ როდესაც ევროპაში მილიონობით, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანი უმუშევარი დარჩა დიდწილად ბერლინიდან მართული დესტრუქციული კრიზისული პოლიტიკის წყალობით, და დღემდე ვერ შეძლო პრობლემებისგან თავის დაღწევა, აშშ-ში სტაბილური ეკონომიკური აღმავლობაა, უმუშევრობის დონე კი დაბალი. იმაში, რომ 2017 წელი ევროპაშიც უკეთესი იქნება, აშშ-ის აღმავლობის წილი დიდია.
ძალიან სადავოა ობამას ჯანდაცვის რეფორმის (obamacare) შედეგები. მართალია, მილიონობით ამერიკელმა მიიღო სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ იმავე მიზეზით დანარჩენი ამერიკელებისთვის დაზღვევის ხარჯი წარმოუდგენლად გაიზარდა. უმრავლესობა ამ რეფორმით კმაყოფილი არ არის და ტრამპი რესპუბლიკელების უმრავლესობასთან ერთად კონგრესში მას გააუქმებს. სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის კლიმატურ შეთანხმებას, რომელსაც ტრამპი არ ეთანხმება.
გაზეთის აზრით, ირანთან მიღწეული ატომური შეთანხმება ფორმალურად ალბათ მომავალშიც იარსებებს, იმისთვის რომ ტრამპმა რეალპოლიტიკის მინიმალური სივრცე დაიტოვოს. იმავდროულად, ობამას მმართველობის დროს აშშ გეოპოლიტიკურ არენაზე იმდენად დასუსტდა, რომ მრავალწლიანი მიზანმიმართული ძალისხმევა დასჭირდება ვაშინგტონს მისი ძველი გლობალური ძლიერების აღსადგენად.
ობამა ხელისუფლებაში იმ დაპირების წყალობით მოვიდა, რომ შეამცირებდა ამერიკის მონაწილეობას საერთაშორისო არენაზე, რაც მან ფაქტობრივად მოახერხა კიდეც და ამის ნათელი მაგალითი სირიაა. ახლა სცენაზე რუსეთია, ისევე როგორც ჩინეთი, რომელიც ცდილობს აზიაში, განსაკუთრებით სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში პოზიციის განმტკიცებას.
გამოცემის აზრით, ობამას მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მან ვერაფრით მოახერხა კონგრესში რესპუბლიკელების უმრავლესობასთან შეთანხმება და კარგად დასაბუთებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ძიების ნაცვლად დიდხანს მართავდა ქვეყანას დეკრეტების საშუალებით.
ის კეთილი ნება, რომელიც ბარაკ ობამამ თეთრ სახლში მიიტანა, ვერ იქცა რეალურ პოლიტიკად. ამის ნაცვლად ის ხშირად მოქმედებდა სულ უფრო დიდი იზოლაციის პირობებში.
გამოცემა წერს, რომ როგორც ადამიანი ობამა კარგ შეფასებას იმსახურებს, მაგრამ მის მიმართ არსებული სიმპათიაც კი ვერ აქარწყლებს იმ ამაოდ დაკარგული წლების განცდას, რომელიც მისი ხელისუფლების მიწურულს გაჩნდა.
2009 წელს მას ნობელის პრემია დიდწილად პოლიტიკური ავანსის სახით გადასცეს იმ მოლოდინისთვის, რომელიც მასთან დაკავშირებით არსებობდა და რის გაკეთებაც, საბოლოო ჯამში, ვერ შეძლო, - წერს Jyllands-Posten.
[1] დანიის სამი უმსხვილესი ყოველდღიური გაზეთიდან, ერთ-ერთი. ქვეყნის გარეთ ის ცნობილია მუჰამედის 12 კარიკატურის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სკანდალით, რომელსაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე მწვავე საერთაშორისო დისკუსია მოჰყვა.





