პოლონეთში სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ
მსოფლიო

პოლონეთი
ფოტო: Twitter
პოლონეთის რამდენიმე ქალაქში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტებმა გააპროტესტეს თანამდებობიდან მოსამართლე პაველ იუშინინის გადაყენება, რომელიც პოლონეთის ხელისუფლების მიერ გატარებულ სასამართლო რეფორმას ეწინააღმდეგებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ვარშავაში დემონსტრანტები იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: "პატივი და დიდება მოსამართლეებს, რომლებიც თავს არ იშურებენ", "დამოუკიდებელი სასამართლო ყველა მოქალაქის უფლებაა".
პაველ იუშინინის მოსამართლეობიდან გათავისუფლებას წინ უძღოდა სააპელაციო სასამართლოში საჩივარი, სადაც მან ეჭვქვეშ დააყენა წინა ინსტანციის იმ მოსამართლის დამოუკიდებლობა, რომელიც დანიშნული იყო იუსტიციის სამინისტროს ეროვნული საბჭოს მიერ. ამ ორგანოს ფუნქცია კი ყველა სასამართლოს მეთვალყურეობაა. ასეთი ორგანოს შექმნის იდეა მმართველ პარტიას ეკუთვნის.
პოლონეთში მიმდინარე სასამართლო რეფორმა მოქალაქეების პროტესტს იწვევს. რეფორმას ასევე აკრიტიკებენ ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები.





