საფრანგეთმა ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: shutterstock.com
ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი მიიღეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის სამიტზე მიიღეს. კერძოდ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგი მხოლოდ საფრანგეთი იყო, ალბანეთის საკითხში კი მას დანია და ნიდერლანდები შეუერთდნენ.
ამან ევროპელი ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა მომხდარს „უზარმაზარი ისტორიული შეცდომა“ უწოდა. „იმედია ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა“, - დასძინა მან.
მის აზრს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც იზიარებს: „ეს წარუმატებლობა კი არა შეცდომაა. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ“, - განაცხადა მან.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განმარტა, რომ არსებულ წესებს რეფორმა სჭირდება და ევროკავშირმა ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის დასახმარებლად მეტი უნდა გააკეთოს. მაკრონი აღიარებს, რომ ორივე ქვეყანამ რეფორმების მხრივ დიდ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ბლოკის წევრობისთვის ჯერ მზად არ არიან.
ევროკავშირმა ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ივნისშიც გადადო. ბლოკი ამ საკითხს სავარაუდოდ ნოემბერში დაუბრუნდება.





