ავღანეთის პრემიერმინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ განაცხადა
მსოფლიო

აბდულა აბდულა
ფოტო: shutterstock.com
ავღანეთის პრემიერმინისტრმა აბდულა აბდულამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი გამარჯვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Al Jazeera წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აბდულა დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება. „ბოლო 2 დღის განმავლობაში არჩევნების შედეგებს ქვეყნის ყველა პროვინციაში ვამოწმებდით და დავასკვენით, რომ ხმების უმრავლესობა მოვიპოვეთ“, - განაცხადა აბდულამ.
ქვეყნის საარჩევნო კომისიაში პრემიერს განცხადებას ნაჩქარები უწოდეს. არჩევნების წინასწარი შედეგები 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება, საბოლოო კი 7 ნოემბერს.
29 სექტემბერს არჩევნებში გამარჯვების შესახებ აბდულას მთავარმა კონკურენტმა, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა.
საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 28 სექტემბერს ჩატარდა. ქვეყანაში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.





