ტრამპი: აშშ-ში არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელსაც ისე ცუდად ექცეოდნენ, როგორც მე
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: არქივი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის მიმართ არსებული დამოკიდებულებებით უკმაყოფილოა. ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის ისტორიაში არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელსაც ისე ექცეოდნენ, როგორც მას.
„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელსაც ისე ცუდად ექცეოდნენ, როგორც მე. დემოკრატებს შიში და სიძულვილი აწუხებთ. ასეთი რამ სხვა პრეზიდენტის მიმართ არ უნდა დავუშვათ. კუდიანებზე ნადირობა“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) September 25, 2019
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა უკვე დაიწყო.
იმპიჩმენტის დაწყების მიზეზი ტრამპის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ბრძანება გახდა. მანამდე სკანდალი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარმა გამოიწვია, რომლის შემდეგ აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა.
ტრამპმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გასაჯაროების განკარგულება გასცა.
იმპიჩმენტისთვის აუცილებელია, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას თავდაპირველად მხარი დაუჭიროს წარმომადგენელთა პალატის ნახევარმა, შემდეგ კი - სენატის 2/3-მა. ახლა სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, რაც ტრამპის იმპიჩმენტს ნაკლებად შესაძლებელს ხდის.
აშშ-ის ისტორიაში იმპიჩმენტის სამი მცდელობა იყო. პრეზიდენტები, რომელთა წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, იყვნენ: ენდრიუ ჯონსონი, რიჩარდ ნიქსონი და ბილ კლინტონი. ჯონსონი და კლინტონი სენატმა გაამართლეს, ნიქსონი კი მოსმენების დაწყებამდე თავად გადადგა თანამდებობიდან.
აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.





