პაატა კუპატაძე
ერევნის სასამართლომ ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი პატიმრობაში დატოვა
მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანი
ფოტო: avkaz-uzel.eu
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ერევნის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ანა დანიბეკიანმა დაცვის მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სომხეთის მეორე პრეზიდენტს ბრალად 2008 წელს კონსტიტუციური წყობის დამხობა ედება. ქოჩარიანის გარდა ეს ბრალი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყოფილ გენერალურ მდივანს, იური ხაჩატუროვს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სეირან ოჰანიანს და ყოფილი ვიცეპრემიერს არმენ გევორქიანსაც აქვთ წაყენებული.
4 სექტემბერს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავება უკანონოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მისი დაკავება არაკონსტიტუციურია რადგან მას კონსტიტუციით გარანტირებული ხელშეუხებლობის იმუნიტეტი იცავს. თუმცა ქოჩარიანის გათავისუფლებაზე სომხეთის გენპროკურატურამ უარი თქვა.
რობერტ ქოჩარიანს 2018 წლის 26 ივლისს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევაში წაუყენეს, იმავე წლის 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 2008 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების დროს პოლიციასთან შეტაკებებში 10 ადამიანი დაიღუპა.





