აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ აუდიომიმართვა გაავრცელა
მსოფლიო

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი
ფოტო: Twitter
ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მედიასაშუალება Al-Furqan Media დაჯგუფების ლიდერი აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ახალ აუდიომიმართვას ავრცელებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
აუდიოჩანაწერში ალ-ბაღდადი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ფრონტზე „ოპერაციებს ახორციელებს“. ალ-ბაღდადი საუბრობს რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის მალიზე და ლევანტზე (ხმელთაშუა აღმოსავლეთ ზღვისპირეთი), მაგრამ კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.
„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ორგანიზაციის ერთგულ მებრძოლებს ლოცვისკენ, მედიასაქმიანობის გაძლიერებისკენ, უფრო აქტიური სამხედრო ქმედებებისკენ და უსაფრთხოების დონის გაზრდისკენ მოუწოდებს.
„გჯეროდეთ ღმერთის, იყავით მტკიცე. ეს თქვენ დაგიფასდებათ. „ისლამური სახელმწიფო“ მიესალმება მებრძოლთა ახალ ნაკადებს, რომლებიც ერთგულების ფიცს დებენ და ჯარების რიგებს ავსებენ“, - ამბობს ალ-ბაღდადი.
29 აპრილს Al-Furqan Media-მ ბოლო 5 წლის განმავლობაში ალ-ბაღდადის პირველი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც დაჯგუფების ლიდერი რამდენიმე ადამიანთან ერთად მსჯელობს „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ ომისა და სირიის ქალაქ ბაღუზში საბრძოლო მოქმედებების შესახებ, რომლის გათავისუფლების თაობაზე აშშ-მა მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა.





