სომხეთის გენპროკურატურამ ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი თქვა
მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანი
ფოტო: Facebook
სომხეთის გენერალური პროკურატურა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ ექსპრეზიდენტის დაკავება უკანონოდ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.
სომხეთის გენპროკურატურა ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საფუძველს ვერ ხედავს. როგორც უწყებაში განმარტავენ, "ქოჩარიანის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ეხება მის იმუნიტეტს, ქმედებები კი რომლის განხორციელებაც მას ბრალდება მისი სტატუსიდან არ გამომდინარეობს".
4 სექტემბერს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავება უკანონოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მისი დაკავება არაკონსტიტუციურია რადგან მას კონსტიტუციით გარანტირებული ხელშეუხებლობის იმუნიტეტი იცავს. გადაწყვეტილება საბოლოოა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.
რობერტ ქოჩარიანს 2018 წლის 26 ივლისს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევაში წაუყენეს, იმავე წლის 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 2008 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების დროს პოლიციასთან შეტაკებებში 10 ადამიანი დაიღუპა.





