მაიკ პენსმა გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო გააკრიტიკა
მსოფლიო

მაიკ პენსი ანდჟეი დუდა
ფოტო: Twitter
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, ქვეყნის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ, გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.
კერძოდ კი ვიცეპრეზიდენტმა პენსმა გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის კანადი 2“-ის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. პენსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი შემდეგშიც განაგრძობს საკითხის დაყენებას, რომლის მიხედვითაც, გერმანია მხარს უჭერს ამ ორ პროექტს და ამით საშუალებას აძლევს რუსეთს, რომ მასზე დამოკიდებული გახადოს ქვეყანა.
მაიკ პენსმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი, რომლის მაგივრადაც თავად ჩავიდა პოლონეთში, ვარშავას ამ შემოდგომას ესტუმრება.
1 აგვისტოს აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
სადავო პროექტზე საუბრისას გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რუსეთის ენერგორესურსები გერმანიისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, ამიტომ ის მშენებარე გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებას ემხრობა. მისი თქმით, ეს ეკონომიკური პროექტია და გერმანია არ აპირებს ვლადიმერ პუტინის ნებაზე სიარულს.
ბერლინის პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს და ევროპის ქვეყნებზე გავლენას გააძლიერებს.
რა გაზსადენია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და რატომ ებრძვის მის აშენებას ამდენი ქვეყანა, ვრცლად იხილეთ ბმულზე.





