დონალდ ტრამპი: აშშ-მა რასიზმი უნდა დაგმოს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: YouTube
აშშ-მა ფანატიზმი, რასიზმი და თეთრკანიანთა უპირატესობის თეორია უნდა დაგმოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასისა და ოჰაიოს შტატებში მასობრივი სროლის შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მან იარაღის კონტროლის სფეროში რეფორმების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიდეოთამაშებისა და ინტერნეტის საშუალებით ძალადობის წახალისება უნდა დასრულდეს. რაც შეეხება მასობრივ მკვლელობებზე მსჯავრდებულებს, ტრამპის თქმით, ისინი სიკვდილით უნდა დაისაჯნენ.
„ჩვენმა ერმა ერთხმად უნდა დაგმოს ფანატიზმი, რასიზმი და თეთრკანიანთა უპირატესობის თეორია. ეს დამღუპველი იდეოლოგიები უნდა დავამარცხოთ. ამერიკაში სიძულვილი არ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, სამთავრობო სტრუქტურებმა უნდა გამოავლინონ ადამიანები, რომლებსაც ძალადობის აქტების ჩადენა შეუძლიათ, და მათ იარაღზე წვდომა შეუზღუდონ.
4 აგვისტოს ღამეს 24 წლის კონორ ბეტსმა ცეცხლი დეიტონის ცენტრში ერთ-ერთ ბართან გახსნა. შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.
ოჰაიომდე რამდენიმე საათით ადრე, ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოს სავაჭრო ცენტრში სროლისას ბოლო ინფორმაციით, 22 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. თავდამსხმელი, 21 წლის პატრიკ კრუსიუსი პოლიციამ დააკავა.





