იტალიაში 24 სამხრეთამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო

პერუს ყოფილი მმართველი, გენერალი ფრანსისკო მორალეს ბერმუდესი
ფოტო: peru21.pe
რომის სააპელაციო სასამართლომ 1970-80-იან წლებში ათასობით ოპოზიციონერის უკანონო დაპატიმრებისთვის, წამებისა და მკვლელობისთვის 24 სამხრეთამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანს და სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ BBC წერს.
წამებით მოკლულ ოპოზიციონერებს შორის, რომლებიც სამხრეთამერიკელი სამხედრო დიქტატორების მიერ ერთობლივად ჩატარებულ „ოპერაცია კონდორს“ ემსხვერპლნენ, 20-ზე მეტი იტალიელი იყო.
24 განსასჯელიდან 23-ს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს და მათი იტალიაში ექსტრადირების ალბათობა ძალიან მცირეა. მიუხედავად ამისა, გარდაცვლილების ნათესავებმა განაჩენს დამაკმაყოფილებელი უწოდეს.
მსჯავრდებულები ბოლივიელი, ჩილელი, პერუელი და ურუგვაელი ყოფილი მაღალჩინოსნები და სამხედრო პირები არიან. მათ შორის არიან:
- 1980-1981 წლებში ბოლივიის მმართველი, 2018 წელს გარდაცვლილი გენერალი ლუის გარსია მეზა;
- გარსია მეზას მმართველობის დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, პოლკოვნიკი ლუის არსე გომესი;
- 1975-1980 წლებში პერუს მმართველი, გენერალი ფრანსისკო მორალეს ბერმუდესი;
- 1979-1980 წლებში, მორალეს ბერმუდესის მმართველობის დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი პედრო რიხტერ პრადა;
- ჩილეს დაზვერვის უფროსის მოადგილე პედრო ესპინოზა ბრავო;
- 1972-1976 წლებში ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ხუან კარლოს ბლანკო.
„ოპერაცია კონდორი“ სამხრეთამერიკელი სამხედრო დიქტატორეიბის მიერ ორგანიზებული და სახელმწიფო დონეზე დაფინანსებული კამპანია იყო. აშშ-ის მხარდაჭერით მოსარგებლე რეჟიმები მთელი სამხრეთ ამერიკის მასშტაბით ოპონენტების დევნაზე, გატაცებაზე და განადგურებაზე შეთანხმდნენ.
1975 წელს ერთმანეთს არგენტინის, ბოლივიის, ჩილეს, პარაგვაისა და ურუგვაის დაზვერვების ხელმძღვანელები შეხვდნენ. მოგვიანებით ოპერაციაში ბრაზილია, ეკვადორი და პერუც ჩაერთვნენ.
„ოპერაცია კონდორის“ ყველაზე ცნობილი მსხვერპლი, სალვატორ ალიენდეს პრეზიდენტობის დროინდელი ჩილეს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ორლანდო ლეტელიერი იყო, რომელიც 1976 წელს ვაშინგტონში მოკლეს.
„ოპერაცია კონდორის“ ფარგლებში მოკლულთა ზუსტი რიცხვი უცნობია. პროკურატურის ინფორმაციით, მხოლოდ არგენტინაში 100-ზე მეტი მემარცხენე აქტივისტი მოკლეს. ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ საერთო ჯამში მოკლულების რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.





