ბოლო 5 წლის განმავლობაში ალ-ბაღდადის პირველი ვიდეო ვრცელდება
მსოფლიო

აბუ ბაქრ ალ ბაღდადი
ფოტო: SITE Intel Group
ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მედიასაშუალება Al-Furqan Media ავრცელებს ვიდეოჩანაწერს, რომელზეც დაჯგუფების ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადია ასახული.
ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს ორგანიზაცია SITE Intelligence Group, რომელიც ინტერნეტში ჯიჰადისტების პუბლიკაციების მონიტორინგს ახორციელებს.
SITE Intelligence Group-ის დირექტორი რიტა კაცი ამბობს, რომ ახალ ვიდეოში ჩანს, როგორ ესაუბრება ალ-ბაღდადი ადამიანებს, რომელთა სახეებიც დაფარულია, და მათთან მსჯელობს „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ ომისა და სირიის ქალაქ ბაღუზში საბრძოლო მოქმედებების შესახებ, რომლის გათავისუფლების თაობაზე აშშ-მა მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა.
რიტა კაცის განცხადებით, ამით „ისლამური სახელმწიფო“ იმაზე მიანიშნებს, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი საუბარი მცირე ხნის წინ შედგა.
გარდა ამისა, კადრებში ჩანს, რომ ალ-ბაღდადი ახლა წითური ფერის წვერს ატარებს. ერაყული გამოცემა Al-Araby al-Jadeed ჯერ კიდევ მარტში წერდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა წვერი შეიმოკლა და შეიღება.
რიტა კაცის განცხადებით, ალ-ბაღდადის მონაწილეობით წინა ვიდეო 2014 წლის ივლისში გავრცელდა. მასზე ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი ერაყის ქალაქ მოსულში, ცნობილი ქადაგების დროს იყო ასახული, როდესაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ხალიფატის შექმნის შესახებ გამოაცხადა.





