ლიბიაში სამხედრო დაპირისპირებას ბოლო კვირაში 227 ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

ლიბია
ფოტო: Twitter
ლიბიაში სამხედრო დაპირისპირების გამო ბოლო კვირის განმავლობაში 227 ადამიანი დაიღუპა, 1125 კი დაიჭრა. ამის შესხებ ინფორმაციას Aljazeera ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სამხედრო დაპირისპირების გამო ქვეყანაში 30 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირია.
გასულ კვირაში ლიბიის ხელისუფლებამ ეროვნული არმიის ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფტარის დაკავების განკარგულება გასცა. მას დედაქალაქ ტრიპოლის დასახლებულ პუნქტზე საჰაერო თავდასხმაში ადანაშაულებენ.
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის საბრძოლო მოქმედებები 10 დღეზე მეტია განახლდა. ლიბიელი ამბოხებულების არმიის გენერალმა ხალიფა ჰაფტარმა თავის ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის შტურმით აღების ბრძანება 5 აპრილს გასცა.
2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარეს ხელისუფლება აკონტროლებს, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილს და სამხრეთს 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობა მართავს, რომელიც მხარს უჭერს ხალიფა ჰაფტარს და მის ჯარს.





