ხელოვნების სასახლეში ჰოლივუდის კოლექცია გამოიფინება
კულტურა

ხელოვნების სასახლე
პირველად საქართველოში, ხელოვნების სასახლეში ჰოლივუდთან დაკავშირებული მასშტაბური კოლექცია გამოიფინება. ინფორმაციას ხელოვნების სასახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჰარისონ ფორდის, ტიმ ბარტონის, დენი დევიტოს, კლინტ ისტვუდის, სპაიკ ლის და სხვა ლეგენდარული რეჟისორისა თუ მსახიობის ხელმოწერილი ნივთები, 11 ოსკარზე ნომინირებული, ოქროს გლობუსისა და სხვა მრავალი უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ფილმის "ნიუ-ორკის ბანდების" (Gangs of New-York) პერსონაჟის უნიკალური კოსტიუმი, ლეგენდარული ამერიკული ფილმის - "ბეტმენის" (Batman) მთავარი გმირის ნიღაბი და იარაღი - "ბეტარანგი", სხვა უნიკალურ მემორიალურ ნივთებთან ერთად, ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზებში დამთვალიერებლებისთვის 18 აპრილიდან გამოიფინება.
როგორც გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ, ორიგინალ აფიშებთან, ხელნაწერებთან, პარტიტურებთან და კინოს რეკვიზიტებთან ერთად, დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს კევინ კოსტნერის, უიტნი ჰიუსტონისა და გარი კემპის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ლეგენდარული ფილმის - "პირადი მცველის" (The Bodyguard) ორიგინალ სცენარს წარმოადგენს.
გამოფენა ეძღვნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს.
ექსპოზიციის განსაკუთრებული და მემორიალური მნიშვენელობიდან გამომდინარე, ნივთები საქართველოში მხოლოდ ერთი კვირით გამოიფინება, - ამბობენ ხელოვნების სასახლეში.





