რუმინეთში პოეტ ბესარიონ გაბაშვილის ძეგლი გაიხსნა
კულტურა

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუმინეთში მიმდინარე ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში, ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესარიონ გაბაშვილის (ბესიკი) ბიუსტი გაიხსნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში რუმინულ ენაზე თარგმნილი პოეტის ლექსების კრებულის მეორე გამოცემა პირველად წარადგინეს.
ასევე გაიმართა ბესიკის ეპოქის რუმინეთისა და საქართველოს ამსახველი ფოტო-სურათების გამოფენა და თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობისადმი მიღვნილი გამოფენა - „თბილისი, ქუთაისი - კულტურა გვაახლოვებს“.
ღონისძიება განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა, რადგან პოეტმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები სწორედ რუმინეთში იაშში გაატარა.
უწყების ინფორმაციით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაფორმდა ასევე შეთანხმება ქალაქ იაშისა და ქალაქ ქუთაისის დამეგობრების შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, ტურიზმი და გარემოს დაცვა.
ქართული კულტურის დღეები რუმინეთში 24-25 იანვარს გაიმართა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუმინეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები დაეთმო. რუმინეთში საქართველოს საელჩო მომავალშიც გეგმავს ქართული კულტურის დღეების ქვეყნის სხვა ქალაქებში ორგანიზებას.





