ლაღიძის „თბილისოს“ ბრიტანელი პლაგიატორი გამოუჩნდა
კულტურა
ცნობილი ბრიტანელი ჯაზ შემსრულებლის, გერი სკოტის 1962 წელს გამოშვებულ ფირფიტაზე სიმღერის ავტორებად თავად გერი სკოტი, იგო ფიშერი და ვინმე ასქვისი არიან მითითებული, რევაზ ლაღიძე კი არსადაა ნახსენები, როცა სიმღერა Stay With Me ზუსტად ისე ჟღერს, როგორც ლაღიძის „თბილისო“. პლაგიატის ეს ფაქტი ქართულმა მუსიკალურმა პორტალმა popmusic-მა აღმოაჩინა.
ეს სიმღერა რევაზ ლაღიძემ 1958 წელს თბილისის 1500 წლის იუბილეს მიუძღვნა, ანუ ხსენებული ფირფიტის გამოშვებამდე 4 წლით ადრე დაწერა. მისი პირველი ვერსია დებმა, ნაზი და ნათელა ჩაფიჩაძეებმა გუნდისა და სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩაწერეს
პორტალის ცნობით, სკოტი 1961 წელს პირველი დასავლელი ჯაზ შემსრულებელი გახდა, რომელმაც სსრკ-ში ტურნე გამართა. მუსიკოსი მსმენელთა წინაშე კიევის ოპერაში წარდგა, მოგვიანებით კი თავისივე პროდიუსერზე, იგო ფიშერზე მოსკოვში, ბრიტანეთის საელჩოში იქორწინა. ეს სწორედ ის ფიშერია, რომელიც ნახსენებ ფირფიტაზე სიმღერის Stay With Me ერთ-ერთ ავტორადაა მოხსენიებული.
რევაზ ლაღიძის შვილი, ლელა ლაღიძე აცხადებს, რომ ამ სიმღერის არსებობის შესახებ იცოდა, მაგრამ საბჭოთა რადიოსადგურები მას ისე გადმოსცემდნენ, როგორც "თბილისოს" ინგლისურენოვან ჩანაწერს. მან მხოლოდ ახლა შეიტყო, ,რომ როცა Stay With Me ბრიტანეთში გამოსცეს, ავტორად რევაზ ლაღიძე არ მიუთითეს.
ლელა ლაღიძე სამართლებრივ დავას იწყებს და მის ინტერესებს GMI Rights Management-ი დაიცავს.




