National Geographic: კუვუკლია ჩამოშლის პირასაა
კულტურა
იესო ქრისტეს საფლავზე მომუშავე რესტავრატორები აცხადებენ, აღდგომის ტაძარში კუვუკლია (ქრისტეს საფლავის სალოცავი) ჩამოგრევის პირასაა. ინფორმაციას National Geographic ავრცელებს.
რესტავრატორების თქმით, აღდგომის ტაძრის ქვეშ გამავალმა სადრენაჟო სისტემამ კუვუკლიას ფუნდამენტი უკვე დააზიანა. რესტავრატორების განცხადებით, ის ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს.
აღდგომის ტაძრის ქვეშ გვირაბები გადის, რომელშიც ადრე წყალს ინახავდნენ. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები ირწმუნებიან,რომ ტაძრის ფუნდამენტის მდგრადობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია ტაძრის ქვეშ მდებარე საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემის სწრაფი რეაბილიტაცია.
National Geographic-ის ცნობით, სამუშაოების ჩატარებას 10 თვე სჭირდება, სამუშაოების ღირებულება კი 6 მილიონ ევრომდეა.
1810 წლის შემდეგ, ქრისტეს საფლავს რესტავრაცია არ ჩატარებია. მორწმუნეებმა ამ დროის განმავლობაში ძლიერ დააზიანეს საფლავის ქვა. კუვუკლიის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. მარმარილოს ფილების მოცილების შემდეგ, იესოს საფლავის კირქვის კედლები და ის ადგილი გამოჩნდა, რომელზეც ქრისტე ჯვარცმის შემდეგ დააწვინეს. 1555 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კედლის ნახვა გახდა შესაძლებელი. საფლავზე მომუშავე რესტავრატორების თქმით, საფლავის ორიგინალური სტრუქტურა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.





