imedi
სასამართლომ მოქანდაკე ჯეფ კუნსი პლაგიატიზმში დაადანაშაულა
კულტურა

ჯეფ კუნსი
ფრანგულმა სასამართლომ ამერიკელი მოქანდაკე ჯეფ კუნსი პლაგიატიზმში დაადანაშაულა. სასამართლოს ცნობით, მოქანდაკემ ნამუშევარ "შიშველი ბავშვების" იდეა ფრანგი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოდან აიღო. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
სასამართლომ დაადგინა, რომ 1988 წელს შექმნილი ქანდაკება "შიშველი ბავშვები" 1975 წელს ფრანგი ფოტოგრაფის ჟან-ფრანსუა ბორეტის მიერ გადაღებული ფოტოს ასლია. სასამართლომ ჯეფ კუნსს ფოტოგრაფის ოჯახისთვის, კომპენსაციის სახით, 40 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. კუნსმა, დამატებით, 4 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს იმისთვის, რომ "შიშველი ბავშვების" ფოტო საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა.
კუნსთან ერთად დაჯარიმდა პარიზის პომპიდუს ცენტრიც, რომელიც "შიშველი ბავშვების" გამოფენაზე გატანას გეგმავდა, თუმცა ტრანსპორტირების დროს ქანდაკება დაზიანდა. ამიტომ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ქანდაკება აღარ გამოეტანათ, მაგრამ საგამოფენო კატალოგში მისი ფოტო განეთავსებინათ.
2015 წლის დეკემბერში, ამერიკელმა ფოტოგრაფმა მიტჩელ გრეიმ ჯეფ კუნსი პლაგიატიზმში დაადანაშაულა. ფოტოგრაფის თქმით, კუნსმა 1986 წელს გადაღებული ერთ-ერთი ფოტოსერია მიითვისა.





