imedi
გია ყანჩელი "უცნობი მუსიკის" და "წითელი ზონის" შესაძლო დახურვას აპროტესტებს
კულტურა

გია ყანჩელი
ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი, რომელიც ბელგიაში, ანტვერპენში ცხოვრობს, საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილით მიმართავს. ის ამ ტელევიზიასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება და გადაცემების "უცნობი მუსიკის" და "წითელი ზონის" შესაძლო დახურვას აპროტესტებს. ყანჩელის წერილი პირველად, "უცნობი მუსიკის" ერთ-ერთმა წამყვანმა კახა თოლორდავამ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
"წერილი სამეურვეო საბჭოს
ქალბატონებო და ბატონებო!
"ჩემი საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე თავს ვარიდებდი მონაწილეობა მიმეღო მრავალრიცხოვან დაპირისპირებებში, რომლებიც ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან დღემდე თან ახლავს ჩვენს ორად გაყოფილ საზოგადოებას.
შევიტყვე რა, რომ სხვა გადაცემებთან ერთად დაბალი რეიტინგის გამო განზრახულია "წითელი ზონის" და "უცნობი მუსიკის" დახურვა, გამიჩნდა სურვილი გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება რეიტინგებზე გამართულ დისკუსიაზე.
გთხოვთ წარმოიდგინოთ, ჩვენი საზოგადოების რა ნაწილი გადართავს არხს მოცარტის ან ვერდის რექვიემის ეთერში გასვლისას, ამგვარი ქმნილებების მოსმენის მსურველები ერთეულები თუ აღმოჩნდებიან, შესაბამისად ვერდის და მოცარტის რეიტინგი შესაძლოა "უცნობი მუსიკის" და წითელი ზონის რეიტინგზე დაბალი აღმოჩნდეს. ამიტომ, არაპოპულარული პროგრამების ეთერში გაშვების "ფუფუნება" სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა გააჩნდეს.
დღევანდელ საქართველოში მუსიკალური კრიტიკის არარსებობის ფონზე გადაცემა "უცნობი მუსიკა" და მისი ავტორი კახა თოლორდავა, ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის უალტერნატივოა. ამგვარი მოსაზრება გამოწვეულია მისი მაღალპროფესიული დამოკიდებულებით მსჯელობის საგნის მიმართ, მისი გამართული ენით, ინტელექტითა და მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარულით.
ვფიქრობ, იმ საზოგადოებრივ ტელესივრცეში ისეთი წამყვანების მოღვაწეობა, როგორებიც გახლავთ კახა თოლორდავა და გიორგი გვახარია, საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს ე.წ რეიტინგით.
მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, კულტურისა და განათლების შენარჩუნება-განვითარებაში საზოგადოებრივი მაუწყებლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ნამდვილი, არაგასართობი ხელოვნების დაფასება და უმცირესობის მოთხოვნების გათვალისწინება კი, თვით საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხარდაჭრით ხორციელდება. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ შეძლებს უმცირესობის აზრის გათვალისწინებას, თვითონ აღმოჩნდება დაბალრეიტინგული, განწირული თუ არა.
პატივისცემით,
გია ყანჩელი"





