საქპატენტისა და საქართველოს ხელოვნების სასახლის თანამშრომლობის ფარგლებში ჟურნალ „მემატიანეს“ მეორე გამოცემა დაიბეჭდა
კულტურა

საქპატენტი
საქართველოს ხელოვნების სასახლეში სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის - „მემატიანე“ მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი დაიბეჭდა საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე, 2025 წლის დეკემბერში, საქპატენტსა და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
ჟურნალი „მემატიანე“ ამჯერად გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების, სამეცნიერო მოღვაწეობისა და მემკვიდრეობის შესახებ მოგვითხრობს. ჟურნალის პირველი ნომერი სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალს, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ და საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ივანე ჯავახიშვილის განსაკუთრებულ წვლილს ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებასა და საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლის საქმეში. გამომსვლელებს შორის, ასევე, იყვნენ ჟურნალის სტატიის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა აბაშიძე და ხელოვნებათმცოდნე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი იზოლდა მელიქიშვილი.
გამოცემის ახალი ნომერი მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა კუთხით გაეცნოს მეცნიერის მოღვაწეობას, მის ეპოქასა და სამეცნიერო მემკვიდრეობას, გაიაზროს მისი, როგორც დიდი მკვლევარის, დამსახურება და ღვაწლი საქართველოს ისტორიოგრაფიასა და კულტურაში.
სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „მემატიანე“ მომზადებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოიცემა და მისი მთავარი რედაქტორია გიორგი კალანდია.
ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.





