ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება. ფოტოკოლაჟი
კულტურა

მაკეტი
ფოტო: 1tv
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და კომპანია ცნობილი 1 თვეში გახდება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ 994 513 ლარია. წინადადებების მიღება 3-7 ნოემბრის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, ხოლო ფიზიკური სამუშაოების დასრულების ვადად დაწყებიდან 18 თვე განისაზღვრება.
.jpg)
რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს 25 ჰექტარის ფართობის ბაღის კეთილმოწყობას. ტერიტორიაზე არსებული არქიტექტურული მცირე ფორმებისა და კეთილმოწყობის ელემენტების აღდგენა-რეაბილიტაციას და ახალი ელემენტების გაჩენას, ადმინისტრაციული შენობის, ბოტანიკური ბაღის ღობის აღდგენას და ოთხი ალაყაფის ჭიშკრის მოწყობას, სანერგე მეურნეობის მოწყობას, საპირფარეშოს განთავსებას, საჯინიბოს შენობის განახლებას, კონსერვაციის სამუშაოებს, არსებული ჯვარედინა სასახლის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოებს, მებაღის სახლის რეკონსტრუქციას, საფეხმავლო ბილიკების მოწყობას გარე განათების გათვალისწინებით, არსებული ხელოვნური ტბისა და არხების აღდგენას, ტბის წყალმომარაგებისთვის მდინარე ჩხოუშის ტერასაზე სადრენაჟო ქსელის და მაგისტრალური ჭედადი თუჯის მილსადენის, სარწყავი და სადრენაჟო სისტემის, სასმელი წყლის და კანალიზაციის ქსელის მოწყობას. იგეგმება დენდოლოგიური პარკის ახალი ჯიშებით გამდიდრებაც.
.jpg)
ბოტანიკურ ბაღში განთავსდება კაფეტერიაც, რომელიც ბაღის ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძველი ადმინისტრაციის შენობის ნანგრევების ადგილზე აშენდება.
.jpg)
პროეტირებისთვის თანხები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ფონდმა „ქართუმ“ გამოყო, ხოლო ფიზიკური სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.





