მართა არდაშელია
პაატა ბურჭულაძე რუსეთში მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა
კულტურა

პაატა ბურჭულაძე
ფოტო: youtube
საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პარტიით მონაწილეობდა, სანქტ-პეტერბურგში მდებარე მიხაილოვსკის თეატრის საოპერო ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელობას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას Российская газета ავრცელებს.
პაატა ბურჭულაძემ Российская газета-სთან ინტერვიუში თქვა, მისთვის საინერესოა ამ მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა.
"ნამდვილად მინდა, რომ თეატრის დონე მაღალი იყოს. ის ამას იმსახურებს. უკვე გავეცანი თეატრში არსებულ რეპერტუარებს და განსაკუთრებული ინტერესი მომღერლებმა გამოიწვიოს. ვფიქრობ, რომ მათთან მუშაობა საინტერესო იქნება", - თქვა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძის თქმით, მიხაილოვსკის თეატრთან ჯერჯერობით სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
პაატა ბურჭულაძემ 2015 წლის ნოემბერში დააფუძნა ორგანიზაცია "საქართველოს განვითარების ფონდი", რომლის მიზანი იყო "ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია". 2016 წლის მაისში ბურჭულაძემ დააარსა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა წარუმატებლად. მოძრაობამ ამომრჩეველთა მხოლოდ 60 681 ხმა (3.45%) მიიღო, რის გამოც ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, პაატა ბურჭულაძემ კი საკუთარი პარტია დატოვა.





