ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა
კულტურა

ჭაქვინჯის ციხე
ფოტო: Wikipedia
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
ძეგლის გამორჩეული ისტორიულ-კულტურული ღირებულების გათვალისწინებით, 2017 წლის 17 მარტს ჭაქვინჯის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ამავე წლის 13 აპრილს კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
ჭაქვინჯის ციხე ქართული თავდაცვითი და საერო არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული და უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, რომელიც თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა ეპოქის სამშენებლო ტრადიციებს.
ჭაქვინჯის ციხე V-XVII საუკუნეებით დათარიღებული არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლია. ციხე ორი ნაწილისაგან - ქვედა ციხისა და ციტადელისგან შედგებოდა.
დღევანდელი მდგომარეობით, ქვედა ციხიდან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი, გარდა ძლიერ დაზიანებული კოშკისა, რომელიც ციტადელს გვირაბით უკავშირდებოდა. გვირაბი მხოლოდ სამხრეთის და დასავლეთის კელდების ნაშთის სახითაა შემორჩენილი და ის ციხის ორი ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირების მთავარ საშუალებას წარმოადგენდა.





