დიტო ყირიმლიშვილი
მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
კულტურა

სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში
ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი
დღეს, 12 საათზე გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრში გადაასვენეს. ამ დროისთვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გივი ბერიკაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
”დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს საქართველოს. მე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო კაცი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო არაჩვეულებრივი მსახიობი, იყო ძალიან სწორი მოქალაქე. ყოველთვის იდგა საზოგადოების გვერდით და ამას აკეთებდა უაღრესად მშვიდად თავისი ერის სიყვარულით. კიდევ ერთხელ მინდა დიდი სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო ბატონ გივის და მის ოჯახს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მარჯანიშვილის თეატრში პრემიერმინისტრის მისვლას ელოდებიან.
გივი ბერიკაშვილს მარჯანიშვილის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს, 83 წლისა გარდაიცვალა. ის კლინიკა MediClubGeorgia-ში ფილტვების ანთების დიაგნოზით, რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.





