ქეთევან ლაცაბიძე
გიორგაძე: თეატრების ხელმძღვანელებმა დაფინანსების მარტივი გზა აირჩიეს
კულტურა

მიხეილ გიორგაძე
ფოტო: ქეთი ლაცაბიძე
კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თეატრების დაფინანსების საკითხზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, თეატრების ხელმძღვანელებს მარტივი გზა აქვთ არჩეული და საუბრობენ, რომ სამინისტროს მხრიდან მათ სათანადო ყურადღება აქ ექცევათ. მინისტრი ამბობს, რომ ამ თემაზე მას სერიოზული საუბარი ექნება."საქართველო გახლავთ პროგრამა "შემოქმედებითი ევროპის" წევრი, რომელიც ევროკავშირმა კულტურისა და მედიის დახმარებითვის შეიმუშავა. საქართველო იყო პირველი და ერთადერთი ქვეყანა არაევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომელიც შეუერთდა ამ პროგრამას. მესამე წელია, ერთი გამონაკლისის გარდა, არცერთ თეატრს არათუ დაფინანსება არ მიუღია, არც კი უცდია, რომ გარკვეულიყო ამ პროგრამის დეტალებში, მოეძია პარტნიორები. ერთადერთი, რომელმაც ეს გააკეთა, იყო მარჯანიშვილის თეატრი", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. მან თეატრების ხელმძღვანელების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს სპეკულაცია უწოდა.
"თეატრებს უნდა ჰქონდეთ საბიუჯეტო დაფინანსება, თუმცა ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ წლიდან წლამდე აბსოლუტურად ულიმიტოდ საბიუჯეტო თანხები გაიზრდება და ჩვენ არაფერი ვაკეთოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ თეატრი და მოვიზიდოთ მეტი მაყურებელი", - ამბობს კულტურის მინისტრი.
დღესვე კულტურის მინისტრი ზურაბ ყიფშიძის შემოსავალთან და ხელფასთან დაკავშირებით გამოწვეულ მღელვარებას გამოეხმაურა.
"მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მღელვარებაა სოციალურ ქსელებში და მთელი ეს თემა აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის, ბატონი ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობის გარშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ პრაქტიკულად 400 ლარიანი ხელფასის გამო შიმშილობს", - განაცხადა კულტურის მინისტრმა. მისივე თქმით, იგი ამ თემას იმიტომ შეეხო, რომ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ." არავითარ 400-ლარიან ხელფასზე და მითუმეტეს ყოველთვიურ შემოსვალზე საუბარი არ არის. ბატონი ზურაბი ბევრად მეტს, კონკრეტულ ხელფასს იღებს, როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილის თეატრში. ის ასევე არის გადაცემის წამყვანი „პირველ არხზე“ და კიდევ უფრო მეტი ანაზღაურება აქვს ყოველთვიური. აღარ ვამბობ ფონდი „ქართუს“ გრანტის მეშვეობით მიღებულ დახმარებაზე", - დასძინა გიორგაძემ. მისივე თქმით, ის არავის შემოსავალს არ ითვლის, თუმცა ძალიან უკვირს, რატომ ჩაიგდეს გიორგი და ზურაბ ყიფშიძეებმა თავი უხერხულ მდგომარეობაში, როცა პირდაპირ ეთერში ისაუბრეს საკუთარ შემოსავლებზე და მძიმე მდგომარეობაზე.
"ყველანაირ პოლიტკორექტულობას საზღვარი აქვს ჩემი მხრიდან. მე იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო, იმიტომ, რომ მართლაც ძალიან დიდი ამბავი ატყდა, ძალიან ბევრი პრეტენზია გამოითქვა მედიაში, პირად საუბრებში, სოციალურ ქსელზე აღარაფერს ვამბობ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ზურაბი დაადასტურებს იმას რაზეც მე ვსაუბრობ", - ამბობს კულტურის მინისტრი.
გუშინ, კულტურის სამინისტრომ თეატრებში დასაქმებული ადამიანების და მსახიობების საშუალო ხელფასების ნუსხა გაასაჯაროვა. სამინისტრომ ინფორმაცია მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებმა მიზერული ხელფასები გააპროტესტეს, ხოლო მარჯანიშვილის თეატრი უხუცესმა მსახიობმა, ნოდარ მგალობლიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.





