მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით საზოგადოებას ხშირად სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ
ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით საზოგადოებას ხშირად სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ. მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, უსამართლო ფასწარმოქმნის შეზღუდვისა და მედიკამენტების გაიაფების მკაფიო ტენდენცია დასტურდება.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, რეფერენტული ფასების დანერგვა უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, რომლის ფარგლებშიც ზღვრული ფასი უკვე 7000 დასახელების მედიკამენტზე რეგულირდება.
„ყველაზე ავტორიტეტულმა მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი მედიკამენტების საბაზრო ღირებულება დაახლოებით 40 პროცენტით არის შემცირებული. 40 პროცენტით ეს თითქმის განახევრებას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. ეს პროცესი გრძელდება, იმიტომ, რომ 7000-ის მიღმაც, ბუნებრივია, ჩვენ ვაგრძელებთ რეფერენტული ფასის მოცვას, რომ ყველა მედიკამენტზე გავრცელდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაზეც, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება.
„არავინ ახსენებს, რომ, მაგალითად, ქრონიკული დაავადებებისათვის საჭირო მედიკამენტების პროგრამა აქვს სახელმწიფოს. მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც არიან პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველები, მათთვის არის გათვალისწინებული ძირითად, უმნიშვნელოვანეს მედიკამენტზე, რამდენიმე ქრონიკული დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტზე აბსოლუტურად უფასო ხელმისაწვდომობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად შეიძლება ესაჭიროებოდეთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
სარჯველაძის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სია პერიოდულად ფართოვდება, ემატება ახალი დაავადებები და იზრდება ბენეფიციართათვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარისხი.





