რომელი კოვიდრეგულაციები უქმდება საქართველოში. დეტალურად
ჯანდაცვა

ფოტო: Imedi.ge
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა უქმდება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააცნო.
1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები - ე.წ. კოვიდ-სასტუმროები. დღეიდან ამ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება;
ასევე უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოება, დეზობარიერის ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, ბუფეტის საშუალებით, მომსახურება გაუწიონ სტუმრებს;
1-ლი მარტიდან, სოციალური ღონისძიებების, ქორწილის, წვეულების, დაბადების დღის, ქელეხის გამართვა დაშვებული გახდება;
დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 10 პირის განთავსება იქნება დაშვებული, ღია სივრცეში -15-ის. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა;
1-ლი მარტიდან, საქართველოს საზღვარზე, ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო მხოლოდ 67 ქვეყნით, შეძლებს შემოსვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ექნება PCR ტესტიც. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით - ვაქცინაცია და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი;
15 მარტიდან, დაშვებული იქნება კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვუს გარეშე. მოიხსნება არსებული შეზღუდვა, რომელიც 60-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავდა;
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ტესტის პასუხი და არ არიან აცრილები, ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ თვითიზოლაციის დრო 5-დღემდე შეუმცირდათ;
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 თებერვალს, „ბორჯღალოსნების“ მატჩს რუსეთთან მაყურებლების 50% დაესწრება.
გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ყოველკვირეული სხდომების ნაცვლად, საკოორდინაციო საბჭო ყოველ 2 კვირაში ერთხელ შეიკრიბება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 565 769 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 422 540, გარდაიცვალა 15 933 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.




