ივანე ჩხაიძე: 15 მარტიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში 5 500 გარდაცვლილიდან 98,9 % არავაქცინირებულია - ვაქცინა გარდაცვალებისგან გვიცავს
ჯანდაცვა

ივანე ჩხაიძე
ფოტო: ვიდეოკადრი
15 მარტიდან 1-ელ ოქტომბრამდე 5 500 გარდაცვლილიდან 98,9 % არის არავაქცინირებული, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ეს არის ციფრი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვადასხვა ინტერპრეტაცია მივცეთ, ეს არის ციფრი, რომელიც მიუთითებს, რომ დიახ, ვაქცინაცია არ გვიცავს ინფიცირებისაგან, მაგრამ ის ნამდვილად გვიცავს გარდაცვალებისგან. ეს არის ძირითადი არგუმენტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რატომ უნდა გავიკეთოთ ვაქცინა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 886 364 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 827 676, გარდაიცვალა 12 695 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.




