ბათუმში, სათნოების სახლში მცხოვრებმა 11-მა ხანდაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
ბათუმში, სათნოების სახლ „სავანეში“ მცხოვრებმა 11-მა ხანდაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა და კვლავ პანსიონატს დაუბრუნდა.
გამოჯანმრთელებულთაგან ყველაზე ასაკოვანი 80 წლის ქალი და 78 წლის კაცი არიან.
როგორც „იმედინიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თავშესაფრის 15-მდე კოვიდინფიცრებული ბენეფიციარი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 866 ადამიანი, 72 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





