კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 „დონას“ და 1 ავერსის კლასტერია, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 5-ზე კი კვლევა მიმდინარეობს
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
კორონავირუსის ახალი 29 შემთხვევიდან, 2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 5 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.
როგორც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იუწყებიან, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერია , 1 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული ტერიტორიიდან, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 შემთხვევა ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე კი კვლევა მიმდინარეობს.
საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 650 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 310-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




