მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ლენჯერის კლასტერია, ექვსი ინფიცირებულებთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ოთხი შემოტანილია
ჯანდაცვა

მარინა ეზუგბაია
ფოტო: IMEDI
11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 პაციენტის წყარო ლენჯერის კლასტერია, ექვსი ინფიცირებულის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 4 შემთხვევა შემოტანილია და მათ შორის ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში 230 პაციენტი მკურნალობს.
„გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სოლიდურად გაიზარდა. გვყავდა 1150 გამოჯანმრთელებული და დაგვემატა 40. ამჟამად, გვყავს 1190 გამოჯანმრთელებული. არსებული მონაცემებით კოვიდცენტრებში 230 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1447 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1190-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6010 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





