მესტიის მუნიციპალიტეტში სასურსათო და ჰიგიენური ამანათების დარიგება გრძელდება
ჯანდაცვა

ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია
მესტიის მუნიციპალიტეტში სასურსათო და ჰიგიენური ამანათების დარიგება გრძელდება. ამანათებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მარტოხელა ხანდაზმულებს ურიგებს.
„დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულ ადამიანებს მივაწოდეთ წითელ ჯვართან და მერიასთან ერთად, მთავრობის მონაწილეობით როგორც ფქვილი, ასევე ზეთი, ასევე სხვადასხვა პროდუქტები და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად წაადგება მათ. მეორე მხრივ, ამას აქვს სხვა დანიშნულება – ეს არის მხარდაჭერა, როცა ხელისუფლება მიდის უშუალოდ, ნახულობს და ა.შ. და ეს მნიშვნელოვანია. დავიწყეთ უკვე მეორე ეტაპი. ესენი არიან ხანდაზმული, მარტოხელა ადამიანები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 383 ადამიანი გვყავს. ეს არის ერთი ტომარა 25 კგ-იანი ფქვილი, ასევე წითელი ჯვრის მოტანილი ნობათი – სასურსათო და ჰიგიენური საშუალებები“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. დეტალებს გაეცანით აქ.
დასახლებული პუნქტებში ახალი რეგულაციები 10 აგვისტოს, მას შემდეგ ამოქმედდა, რაც კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.





