ლინა პოღოსოვი
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 3 კოვიდინფიცირებული დაემატა
ჯანდაცვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფო
ფოტო: არქივი
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. კლინიკამ ვირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი მიიღო, ხოლო 5 გამოჯანმრთელებული გაწერა.
სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია, ისინი მესტიისა და ქობულეთის კლასტერს განეკუთვნებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დროისათვის დინამიკაში გართულებები არ აღენიშნებათ.
თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, მედიკოსების შეფასებით, ერთი კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ხოლო ორის საშუალო სიმძიმის.
აქ მკურნალობას 36 პაციენტი განაგრძობს. ლუგარის ლაბორატორიიდან კი, რამდენიმე მეორეული ტესტის პასუხს ელიან. სავარაუდოდ, ხვალ კლინიკას კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული ეყოლება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





