რომის პაპი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, განსაკუთრებით ღარიბებისთვის
ჯანდაცვა

რომის პაპი ფრანცისკე
ფოტო: Andrew Medichini/AP
რომის პაპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, განსაკუთრებით ღარიბებისთვის.
„ძალიან სამწუხარო იქნება, თუ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაზე წვდომა მხოლოდ მდიდრებისათვვის გახდება პრიორიტეტული. სამწუხარო იქნება, თუ ვაქცინა ამა თუ იმ სახელმწიფოს საკუთრება გახდება და ყველასთვის ხელმნისაწვდომი არ იქნება. პანდემიამ აშკარა გახადა ის უდიდესი უთანასწორობა, რომელიც მსოფლიოში ბატონობს“, - განაცხადა რომის პაპმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




