დარეჯან ჩხიკვაძე
აჭარაში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
აჭარაში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის ინფიცირების წყარო დგინდება.
ინფიცირებული ქალი აჭარის მკვიდრი არ არის, იგი ქობულეთში იყო დასაქმებული.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი განმარტეს ინფიცირებულ ქალს მოგზაურობის ისტორია არ აქვს, ის არც კარანტინში იმყოფებოდა. მასთან კონტაქტში მყოფი 15 პირი კი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს.
„აჭარაში ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ახალგაზრდა ქალმა ჩივილებით კლინიკას მიმართა, ის „ცხელების ცენტრში“ იყო გადაყვანილი და კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. სპეციალისტებმა ეპიდკვლევა დაიწყეს, ასევე რისკები შეფასდა. ქალთან კონტაქტში მყოფი 15 პირი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი, ხოლო 53 ნიმუში კი კვლევისთვის არის აღებული. ინფიცირებული ქალი არ გახლავთ აჭარის მკვიდრი, ის არც საკარანტინო სივრცეში არ იმყოფებოდა. უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს. წყაროს მოძიება მიმდინარეობს. ქალბატონი ქობულეთში იმყოფებოდა“, - განაცხადა ნონა ეფაძემ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავისურსზე 916 პირი გამოიკვლიეს.
საქართველოში კორონავირუსის 1321 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




