ლევან მორჩიაშვილი
ყაზბეგის მერის თქმით, რეგიონში ვითარება კონტროლირებადია, თუმცა არ გამორიცხავს რომ ინფიცირებულთა წრე გაიზარდოს
ჯანდაცვა

ფოტო: ლევან მორჩიაშვილი
ყაზბეგის მერის თქმით, რეგიონში ვითარება კონტროლირებადია, თუმცა არ გამორიცხავს რომ ინფიცირებულთა წრე გაიზარდოს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე ზაგაშვილი აღნიშნავს, დაბა სტეფანწმინდაში კორონავირუსზე სინჯების აღება გრძელდება და არ არის გამორიცხული, ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს, თუმცა მისივე თქმით, ინფიცირების წყაროების ლოკალიზება შესაძლებელია.
„დადასტურებულია კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა. აქედან ოთხი სოფელ გარბანიდანაა, ხუთი კი სტეფანწმინდიდან. ყველა მათგანი საბაჟოს თანამშრომლების კონტაქტები არიან და ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ყველა კონტაქტი მოძიებულია და თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, - აცხადებს ალექსანდრე ზაგაშვილი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა და ხელშეწყობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად გატარდეს პრევენციული ღონისძიებები და გამოკვლეული იყოს ყველა საეჭვო შემთხვევა.
მუნიციპალიტეტში, ჯამში 13 შემთხვევაა დაფიქსირებული და ყველა მათგანი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის კლასტერის წარმომადგენლები არიან.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 306 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 085-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





