მარიამ ტატიშვილი
ალექსანდრე გოგინავა: ინფექციასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ მთავარი ომი ჯერ არ დასრულებულა
ჯანდაცვა

ალექსანდრე გოგინავა
ფოტო: მარიამ ტატიშვილი
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას მოუწოდებს სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალისწინონ და არ მოდუნდნენ. მისი თქმით, საქართველომ კორონავირუსთან მნიშვნველოვანი ბრძოლა მოიგო, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა.
„კორონავირუსული ინფექცია არსად წასულა, ის ჩვენ გვერდით არის. გავითვალისწინოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადეების გამოყენება დახურულ სივრცეში, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სოციალური დისტანცირება. მართალია, კორონავირუსულ ინფექციასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ მთავარი ომი ჯერ არ დასრულებულა და საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს“, - ამბობს გოგინავა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 250.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




