ანა შეპკინა
ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ჯანდაცვა

ქარელის ცენტრალური საავადმყოფო
ფოტო: ანა შეპკინა
ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე მოწყობილი ცხელების ზონიდან გაგზავნილი ნიმუშების პასუხები უარყოფითია.
3 პაციენტს საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა და ტესტირება გუშინ ჩაუტარდა. მათ კოვიდ 19 არ დაუდასტურდათ. დღის ბოლოს გაირკვევა, იქნება თუ არა ახალი ნიმუშების აღებისა და გაგზავნის საჭიროება.
ქარელის ცხელების ცენტრს 35 პაციენტის მიღება შეუძლია. მთლიანობაში რეგიონში ცხელების 5 ზონაა მოწყობილი.
საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.





