ბიძინა კულუმბეგოვი: კანის გზით კორონავირუსი ორგანიზმში არ ხვდება
ჯანდაცვა

ბიძინა კულუმბეგოვი
ფოტო: Facebook
კანის გზით კორონავირუსი ორგანიზმში არ ხვდება, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
„თუ ჩვენ დაბინძურებულ ხელს თვალთან, ცხვირთან ან პირთან არ მივიტან, ვირუსის გადაცემის შესაძლებლობა ნულია. ამიტომ სამედიცინო ჰიგიენა, საპნით 20 წამი ხელის დაბანა ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თუ ეს ჩვენ არ გავაცნობიერეთ, ჩვენ რაც არ უნდა საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქება მოგვიწიოს მაინც შეუძლებელი იქნება ამ ინფექციის კონტროლი“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.
საქართველოში კორონავირუსი 497 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში - 5107 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 534 ადამიანი რჩება.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




