ხათუნა მაისურაძე
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსზე საეჭვო ოთხი პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან
ჯანდაცვა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრი
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსზე საეჭვო ოთხი პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან.
პაციენტების ბიოლოგიური ნიმიშები ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე უკვე გადაიგზავნა და პასუხები ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკას ექვსმა პაციენტმა მიმართა. მათგან ნაწილი ჰოსპიტალიზებულია, ნაწილს კი თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.
საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




