აშშ-ში კორონავირუსის 940 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, 53 ათასზე მეტი ინფიცირებული გარდაიცვალა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
აშშ-ში კორონავირუსის 940 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 53 ათასზე მეტი ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ინფორმაციას Usa Today ავრცელებს.
მიუხედავად ინფიცირებისა და მსხვერპლის ამსახველი რიცხვების ყოველდღიური ზრდისა, ცალკეულ შტატებში მიიღეს გადაწყვეტილება, შეზღუდვები შეარბილონ. მაგალითად, ჯორჯიისა და ოკლაჰომას შატატებში სილამაზის სალონები და სპაცენტრები კვლავ მოემსახურება მოსახლეობას. სხვადასხვა ბიზნესსექტორს მოეხსნა შეზღუდვები ალასკაზე. ასევე, სასულიერო პირებს აღუდგათ რელიგიური რიტუალების შესრულების უფლება. მიუხედავად ამისა, ჯორჯიის შტატის ხელისუფლების წარმომადგენლები სასულიერო პირებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ კანონით მინიჭებული ეს უფლება და მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი რიტუალებისგან.
ბოლო მონაცემებით, COVID19-ით მსოფლიოში 200 698 ადამიანი დაიღუპა. 810 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 865 938 შეადგინა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




