თენგიზ ცერცვაძე: შვეიცარიის სამმა უნივერსიტეტმა „პლაქვენილის“, როგორც საპროფილაქტიკო საშუალების ეფექტურობის შესწავლა დააანონსა
ჯანდაცვა

თენგიზ ცერცვაძე
ფოტო: Facebook
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენებულ პრეპარატ „პლაქვენილზე“ ახალი კვლევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შვეიცარიაში გეგმავენ ამ პრეპარატის შესწავლას, როგორც საპროფილაქტიკო საშუალების.
„შვეიცარიის სამმა უნივერსიტეტმა დააანონსა უზარმაზარი, ძვირადღირებული დაფინანსებული კვლევის დაწყება, რომ პლაქვენილის ეფექტურობა შეისწავლოს არა როგორც სამკურნალო, არამედ საპროფილაქტიკო საშუალება, რომელიც აქამდე არც მე მითქვამს და არც არავის. ჩვენ რომ პროტოკოლში, მისი საპროფილაკტიკო გამოყენება გვქონოდა, მაშინ გენახათ, რა ამბავი ატდებოდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში.
თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, „პლაქვენილი“ უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. „ეს ფორმულირება ეყრდნობა ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის ოფიციალურ რეკომენდაციას რომელიც დაიდო 28 მარტს. ეს ორგანიზაცია არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული, რომელიც წყვეტს, რომელი მედიკამენტი რომელი დაავადების წინააღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული.
საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა. 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





